საქართველომ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის ფარგლებში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია - ასეთია ევროკავშირის ანგარიშის შედეგები.
28 გვერდიანი ანგარიშის პრეზენტაცია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმზღვანელმა ფილიპ დიმიტროვმა გამართა.
დასკვნაში წერია, რომ საქართველოს წინსვლა აქვს სხვადასხვა სფეროში - მათ შორის მართლმსაჯულების რეფორმირების, არჩევნების ჩატარების გაუმჯობესებისა და კორუფციის დაძლევის კუთხით.
ევროკავშირმა საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები - სახელისუფლებო შტოების დაბალანსების კუთხით პროგრესულ ნაბიჯად შეაფასა. ანგარიშში ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების კიდევ უფრო გაძლიერებისათვის, რეფორმების გაგრძელების აუცილებლობაზეცაა საუბარი.
ამასთან, ევროკავშირმა საქართველოს მიერ 2010 წლის სამოქმედო გეგმის შესრულებისას დაფიქსირებული ხარვეზებიც დაასახელა. ფილიპ დიმიტროვის თქმით, საქართველომ მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს დემოკრატიის განმტკიცებისათვის ისეთ საკითხებში, როგორიცაა პოლიტიკური ურთიერთობები და მედიაპლურალიზმი. ასევე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე.
ფილიპ დიმიტროვმა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მექრთამეობასთან ბრძოლა წარმატებულია, მისი სრული დაძლევისათვის მეტი გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება უნდა არსებობდეს.
ევროკავშირი სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს ასევე პენიტენციარულ სისტემაში არაადამიანურ და ღირსების შემლახავ პირობებზე.
ანგარიშის თანახმად, მწვავე საკითხად რჩება მედიის მფლობელთა განმჭვირვალობა და სირთულეები საჯარო ინფორმაციის მოპოვებაში, რაც საქართველოში დამოუკიდებელ მედიას სერიოზულ პრობლემებს უქმნის.
ევროკავშირი დამაფიქრებლად მიიჩნევს ასევე გაერთიანების თავისუფლებისა და დამსაქმებელთან კოლექტიური მოლაპარაკებების უფლებისა და მისი დაცვის შესახებ კონვენციების განხორციელებასთან დაკავშირებულ სიტუაციას. თუმცა ანგარიშში აღნიშნულია, რომ „სოციალური დიალოგის მიმართულებით მიღწეულია შეთანხმება შრომის კოდექსში პროფკავშირების დისკრიმინაციის საწინააღმდეგო ცვლილებების შეტანაზე".
შეგახსენებთ, რომ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში შემუშავებული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში ყოველწლიურად ქვეყნდება. ეს საქართველოს შესახებ მომზადებული რიგით მეოთხე ანგარიშია.