კონფლიქტოლოგ გოგი ხუციშვილის აზრით, აფხაზეთის დე ფაქტო ახალ ლიდერად სერგეი შამბას ან ალექსანდრე ანქვაბის არჩევის შემთხვევაში სოხუმის საქართველოსთან დამოკიდებულება მხოლოდ გამკაცრდება.
„მგონია, რომ სერგეი ბარაფშის გარდაცვალებითა და ახალი ლიდერის არჩევით ვითარება მხოლოდ აფხაზეთში შეიცვლება, თუმცა რა მიმართულებით, ეს იქნება დამოკიდებული იმაზე, ვინ გაიმარჯვებს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში. ახალი ლიდერის არჩევა საქართველოსთან აფხაზეთის დამოკიდებულებაზე, სავარაუდოდ, არ იმოქმედებს, ყოველშემთხვევაში დადებითი კუთხით. პიქირით, თუ ე.წ. პრეზიდენტი ანქვაბი ან შამბა გახდა, მგონია, რომ საქართველოსთან აფხაზეთის დამოკიდებულება გამკაცრდება. ამასთან, მეორეს მხრივ, არ უნდა დაგვავიწყდეს ოფიციალური თბილისის პოზიციაც, რომელიც აფხაზეთს, როგორც მხარეს არ აღიარებს და მას მხოლოდ რუსეთის მარიონეტად მიიჩნევს", - განუცხადა ხუციშვილმა „ჯი-ეიჩ-ენს".
კონფლიქტოლოგი დარწმუნებულია, რომ ვინც არ არ უდნა გახდეს აფხაზი ხალხის ახალი ლიდერი, ის „მოსკოვის პოზიციის ალიკვალი იქნება".
„ე.წ. პრეზიდენტობის ორივე სავარაუდო კანდიდატი: ანქვაბიცა და სერგეი შამბაც ქვეყნის შიგნით ურთიერთობის აგების თვალსაზრისით უფრო კონსერვატორები არიან, ვიდრე ბაღაფში იყო . თუმცა, თავის დროზე, ბაღაფზეც არასწორი წარმოდგენა იყო შექმნილი, რომ ის უფრო ხისტი იქნებოდა მოსკოვთან ურთიერთობაში, ვიდრე არჩევნებში მისი მოწინააღმდეგე ხაჯინბა და სწორედ ამის გამო მისცა ბაღაფშს უპირატესობა აფხაზმა ხალხმა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, აფხაზეთის უკვე გარდაცვლილი დე ფაქტო ლიდერი რუსეთთან ბევრ რამეში დამთმობი იყო და მეტიც, ამის გამო მას ხაჯინბაც კი აკრიტიკებდა. საბოლოოდ, ხაჯინბა უფრო კრიტიკული გამოდგა რუსეთის პოლიტიკის მიმართ. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ვინც არ უნდა გახდეს დე ფაქტო ლიდერი, ის მოსკოვის პოზიციის ალიკვალი იქნება, მათ შორის შამბაც და ანქვაბიც. ეს ორი ადამიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დადგეს აფხაზი ხალხის მოწოდების სიმაღლეზე, თუკი, მაგალითისთვის, რუსეთი კვლავ მოახდენს ზეწოლას შეცვალოს ის კანონი, რომელიც აფხაზეთს საკუთარი მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გაყიდვას უკრძალავს.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი სერგეი ბაღაფში 29 მაისს, მოსკოვში, სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა. ბაღაფშს დღეს, ოჩამჩირის რაიონში მდებარე მშობლიურ სოფელ ჯგერდაში დაკრძალავენ. აფხაზეთში ახალი ე.წ. პრეზიდენტის არჩევნები სამი თვის განმავლობაში ჩატარდება.