ახმეტის რაიონში სოფლები აწყური, ხოდაშენი და ოჟიო დაისეტყვა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა მასიურაძემ განუცხადა, მოსავალი დაახლოებით 120 ჰექტარზე განადგურდა. გარდა ამისა, ძლიერი წვიმის შედეგად 46 საცხოვრებელი სახლის პირველი სართული და სარდაფები დაიტბორა.
„წინასწარი ინფორმაციით, ინფრასტრუქტურაზე მიყენებული ზარალი დაახლოებით 200 ათას ლარს შეადგენს. დაზიანებულია შიდა საუბნო გზები და სასმელი წყლის სათავე ნაგებობები. მთლიანად დაზიანდა თეთრი გიორგის სახელობის ეკლესიასთან მისასვლელი გზა. დატბორილი სახლებიდან წყალს სახანძრო მანქანები ტუმბავენ", - აღნიშნა კობა მაისურაძემ.