მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს. აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს, მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს. ამ დღესთან დაკავშირებით ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღსრულდება .
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სადღესასწაულო წირვას საბურთალოზე, ამაღლების ტაძარში აღავლენს.
როგორც წმიდა სახარება გვაუწყებს, ბრწყინვალე აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტე თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა. იოანე ოქროპირის სიტყვით, იგი მოწაფეებს ასწავლიდა „სასუფევლის საიდუმლოებებს", რომელნიც მაცხოვრის აღდგომამდე მათთვის გაუგებარი და მიუწვდომელი იყო.
აღდგომიდან მე-40 დღეს კი გალილეიდან იერუსალიმში დაბრუნებული მოწაფეები ერთ სახლში შეიკრიბნენ. აქ მათ მაცხოვარი გამოეცხადათ, რომელმაც შეკრებილთ აღუთქვა, რომ მალე მოუვლენდა სულიწმიდას და უბრძანა, არ გაშორებოდნენ იერუსალიმს.
საუბრობდა რა მოწაფეებთან, ქრისტემ გამოიყვანა ისინი ბეთანიის მიმართულებით, ელეონის მთაზე, შემდეგ ხელები ცისკენ აღაპყრო და აკურთხა. შეკრებილნი. კურთხევისას თანდათან დასცილდა მათ და ზეცად ამაღლება იწყო, მცირე ხანში კი ღრუბლებში გაუჩინარდა.
უფლის ამაღლებას აქვს ესქატოლოგიური მნიშვნელობაც, რადგან სწორედ ამაღლება იყო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების დასასრული, ხოლო მისი მეორედ მოსვლა კაცობრიობის მიწიერი მყოფობის დასასრული იქნება.