ტირძნისიდან გატაცებული ორი მოზარდი შესაძლოა დღეს გაათავისუფლონ. ოკუპანტების მიერ დათქმული ათდღიანი ვადა დღეს იწურება.
როგორც უკვე ცნობილია, ცხინვალში ათი დღის წინ მყოფ ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, თომას ჰამარბერგს ოკუპანტებმა განუცხადეს, რომ ბავშვებს ისინი 10 დღეში გაათავისუფლებდნენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენისთვის" მიცემულ კომენტარში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ელჩმა რუსეთის ფედერაციაში დიმიტრი მედოევმა განაცხადა, "რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთი მუდამ და ყოველთვის ასრულებს მიცემულ პირობებსა და თავის თავზე აღებულ ვალდებულებებს".
"იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად გადაწყდება", _ განუცხადა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" მედოევმა.
მედოევმა არ დააკონკრეტა კონკრეტულად როდის მოხდება ბავშვების გათავისუფლება.
ერგნეთის საგუშაგოსთან დეპუტატი გია თორთლაძე და პრეზიდენტის რწმუნებული შიდა ქართლში ლადო ვარძელაშვილი მივლენ.