საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დიდ ბრიტანეთში კონსერვატიული პარტიის მოწვევით მიემგზავრება. ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პარლამენტში, დაგეგმილია გიორგი თარგამაძის შეხვედრები გაერთიანებული სამეფოს მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან.
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ლონდონის უნივერსიტეტში ბრიტანულ-ქართული ასოციაციის წევრებსაც შეხვდება, სადაც გიორგი თარგამაძე სიტყვით გამოვა. იგი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, ქვეყნის განვითარების ქრისტიან-დემოკრატიულ ხედვასა და სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობაში ევროპული სახელმწიფოების როლზე ისაუბრებს.
დიდ ბრიტანეთში გამგზავრებამდე უმცირესობის ლიდერი რიგაში, ლატვიის ტრანსატლანტიკური ორგანიზაციისა და საქართველოს ევროპის სახლის ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
გიორგი თარგამაძის ევროპული ვიზიტი 8 ივნისს დასრულდება.