დღეს, 1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოში სხვადასხვა ღონისძიება იგეგმება. მთაწმინდის პარკში ჩატარდება ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ფესტივალის საზეიმო ღონისძიება. ფესტივალის დასკვნითი ცერემონიალი კი 2 ივნისს ART HALL-ის დარბაზში გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ხალხისთვის საყვარელი მომღერლები და საუკეთესო მუსიკალური, საბავშვო და ახალგაზრდული ჯგუფები.
1-ლი ივნისი ბავშვთა საერთაშორისო დღედ 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა. 1950 წლიდან ეს თარიღი ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისთვის.