"ჩვენთან ძვრებია იმიტომ, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ", - აცხადებს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძე გაზეთ "კომსომოლსკაია პრავდასთვის" მიცემულ ინტერვიუში და აღნიშნავს, რომ საქართველოს ოპოზიციასაც აქვს "არასრულყოფილი წარმოდგენა იმისა, რომ შეუძლია ხელისუფლება შეცვალოს".
"ე.წ. სტაბილურ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, სადაც არც ცდილობენ დემოკრატიის აშენებას, არც არავითარი ძვრები არ არის. ძვრები არის იმ ქვეყნებში, სადაც დემოკრატიული საზოაგდოების ფორმირება ხდება", _ აცხადებს ბენდუქიძე და აღნიშნავს, რომ სავსებით ცხადი იყო, რომ დემონსტრანტებს აღლუმის ჩაშლის უფლებას არავინ მისცემდა.
ბენდუქიძე ეთანხმება რუს ჟურნალისტს იმაში, რომ შესაძლებელი იყო ყველაფერი უსისხლოდ მოგვარებულიყო, მაგრამ ამისათვის ყველა უნდა ყოფილიყო იმაში დარწმუნებული, რომ ისინი საშიშნი არ არიან.
"მაშინ აუცილებლად ცნობილი უნდა ყოფილიყო, რომ ეს ადამიანები საშიშნი არ არიან. როდესაც ისინი ბათუმის ტელევიზიასთან იდგნენ, ამსხვრევდნენ ვიტრინებს, ამტვრევდნენ მანქანებს. დემონსტრანტები შეიარაღებულნი იყვნენ დროშის ტარებით, ხოლო ტრანსფარანტები მათთვის ფარის ფუნქციას ასრულებდნენ. როდესაც თქვენ ოპერაციას ხელმძღვანელობთ, ძნელია თანამშრომლებს უთხრათ: მოდით, ნაზად მოვიქცეთო", _ აცხადებს ბენდუქიძე და აღნიშნავს, რომ როდესაც ამბავი ატყდება, იქ უკვე ძნელია გაარჩიო, ვინაა ჟურნალისტი და ვინ არა.
"ხვალ რომ ფოტოკამერებით გამოვიდეს ყველა და თქვან, რომ ფეხს არ მოიცვლიან, მოვიდეს პოლიცია, ირგვლივ კი მხოლოდ პრესაა და რა ხელი არ ვახლოთ?!"_ აცხადებს ბენდუქიძე.