კოალიციამ "მედიის ადვოკატირებისათვის'', რომელშიც 11 ორგანიზაციაა გაერთიანებული, 26 მაისს აქციის დარბევისას დაშავებული და დაზარალებული ჟურნალისტების შესახებ გადაღებული ფილმის ჩვენება გამართა.
20-წუთიან ფილმში, რომლის ჩვენებაც სასტუმრო "რადისონში" გაიმართა, გადაღებულნი არიან ის ჟურნალისტები, რომლებზედაც 26 მაისის ღამეს ფიზიკური ძალადობა განხორციელდა.
ფილმის ჩვენებას მედიასაშუალებების, ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსი, პოლიტიკური პარტიების, ასევე სახალხო დამცველის აპარატის, იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ. ფილმი სტუდია "მონიტორმა'' და "საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციამ'' მოამზადეს.
გარდა ამისა, კოალიციამ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ხელმოსაწერად წარუდგინა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სახელზე შედგენილი წერილი, რომელიც ვანო მერაბიშვილს ჟურნალისტური საქმიანობის პატივისცემისაკენ მოუწოდებს და მოითხოვს ჟურნალისტებზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტების გამოძიებასა და დაზიანებული პროფესიული აპარატურის კომპენსაციას.