ხვალ, 1-ელ ივნისს, 17:00 საათზე, ანაკლიაში, საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამა "პატრიოტი 2011" ოფიციალურად გაიხსნება. ღონისძიების გახსნას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი დაესწრება. გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე კონცერტს გამართავს ჯგუფი "ფრანი". სხვადასხვა სახალისო ნომრით "პატრიტი 2011"-ის მონაწილეებიც წარდგებიან.
საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამა "პატრიოტი" წელს ანაკლიაში ტარდება. 28 მაისს ბანაკმა ახალგაზრდების პირველი ნაკადი მიიღო. ბანაკი კეთილმოეწყო ევროპული სტანდარტების შესაბამისად - აშენდა აკვაპარკი, საველოსიპეტო და სასკეიტბორდო ტრასები.
საერთაშორისო ბანაკში მონაწილეების შერჩევის პროცესი გამჭვირვალედ ჩატარდა. მსურველებმა შეავსეს ონლაინსააპლიკაციო ფორმები და კითხვარზე გაცემული პასუხების საფუძველზე შეირჩნენ. პროგრამაში მონაწილეობას საქართველოსა და მსოფლიოს მასშტაბით ორი ასაკობრივი ჯგუფი - 14-17 და 18-21 იღებს. ანაკლია უმასპინძლებს როგორც საქართველოს ყველა კუთხიდან, ასევე ევროპის, ამერიკის, აზიასა და აფრიკიის 35 ქვეყნიდან 600-მდე ახალგაზრდას.
"პატრიოტი 2011"-ში საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაწესებულია კვოტა საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად არაქართველი ახალგაზრდებისთვის. სპეციალურად მათთვის მომზადდა ქართული ენის შემსწავლელი თანამედროვე და ეფექტური კურსი. აღნიშნული სიახლე მიზნად ისახავს ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობის საზოგადოების ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას.
წლევანდელ პროგრამა "პატრიოტი" ახალგაზრდების 13 ნაკადს უმასპინძლებს. თითოეულ ნაკადზე ბანაკში 280 მონაწილე იქნება. სულ საერთაშორისო ბანაკში 3640 ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას. პატრიოტები დაიყოფებიან რაზმებად, რომლებსაც სპეციალურად შერჩეული "ლიდერები" უხელმძღვანელებენ. ლიდერები რამდენიმეეტაპიანი კონკურსის საფუძველზე შეირჩნენ და მათ ერკვირიანი ტრეინინგი ჩაუტარდათ.
საერთაშორისო პროგრამა "პატრიოტი 2011" 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
საერთაშორისო ბანაკში ახალგაზრდები მონაწილეობას მიიღებენ სპორტულ, კულტურულ-შემეცნებით და საგანმანათლებლო ღონისძიებებში. პროგრამა "პატრიოტი", საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, 2005 წელს ამოქმედდა.
"პატრიოტი 2011"-ის ორგანიზატორია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. "პატრიოტის" მიზანია სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, ახალგაზრდების ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება, აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.