ქ. თბილისის პროკურატურის თანამშრომლებმა ნიკო ფიროსმანაშვილის „დაჭრილი ჯარისკაცი" უკანონო ბრუნვიდან ამოიღეს. ფიროსმანის ნახატთან ერთად სამართალდამცველებმა კიდევ 7 შედევრი დაუბრუნეს ეროვნულ გალერეას.
მუზეუმს გადაეცა ასევე რიჰარდ ზომერის „აღმოსავლური ბაზარი", ნიკოლა როლინის „ზღვის პეიზაჟი", ივან ფომინის „ქალის პორტრეტი ვეზუვის ფონზე", სერგეი ივანოვის „აღმოსავლური ბაზარი", ანტონიო დე კანალეს „ვენეცია. სან მარკოს მოედანი", ასევე ორი უცნობი ავტორის „პეიზაჟი ცხვრის ფარით" და „ანა" - „აღმოსავლური სოფელი". 19-ე საუკუნის ბოლოსა და 20-ე საუკუნის დასაწყისის ფერწერული ნამუშევრები, რომელთაც ექსპერტთა ანალიზით, კულტურული ღირებულება გააჩნიათ, სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებისას ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად იქნა ამოღებული არალეგალური ბრუნვიდან.
90-იან წლებში კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების დაკარგვისა და განადგურების შემდეგ ბოლო წლებში ეროვნულ საგანძურს არაერთი შედევრი დაუბრუნდა. საქართველოს პროკურატურის ძალისხმევით, მარტო ბოლო 3 თვის განმავლობაში უკანონო გასხვისებასა და საქართველოდან გატანას გადაურჩა ნიკო ფიროსმანის 3 ნამუშევარი - „კრუხ-წიწილა", "დაჭრილი ჯარისკაცი", ასევე აბრაზე შესრულებული ნახატი „კახური ღვინო".