"რა უშლიდა ხელს რუსეთს, თანამშრომლობისთვის ქართული საზოგადოების მზაობა გამოეყენებინა და 1991 წლიდან ეკონომიკაში წამყვანი ადგილი დაეკავებინა? ქცეულიყო არა ოპონენტად და მოწინააღმდეგედ, ჩვენი ფიზიკური გადარჩენის მთავარ საფრთხედ, არამედ სახელმწიფოდ, რომელსაც მადლობასაც კი ვეტყოდით იმისათვის, რომ ჩვენს განვითარებას უწყობდა ხელს", _ აცხადებს გამოცემა "მოსკოვსკიე ნოვოსტისთვის" მიცემულ ინტერვიუში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე და ბოლო 20 წლის განმავლობაში რუსეთისა და საქართველოს ისტორიას "ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების" ეპოქას უწოდებს.
"რუსეთისა და საქართველოს ისტორია ამ 20 წლის განმავლობაში - ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების ეპოქაა. ახლა რუსეთი სერიოზულად მუშაობს იმ მიმართულებით, რომ მის კვალად ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ აღიარონ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ოქროს მთებს ჰპირდებიან, ვიღაცას საავადმყოფოების ქსელის აშენებას, ვიღაცას საუნივერსიტეტო ქალაქის. საქართველო და მისი მოკავშირეები ყოველ ასეთ მცდელობას ძირშივე აღკვეთენ. ჩვენს პრიორიტეტთა შორისაა, არ დავუშვათ ე.წ. აღიარება ოკუპირებული ტერიტორიებისა და არ მივცეთ რუსეთს საშულება მათი იურიდიული სტატუსის შერყევისა. ჯერჯერობით ამ ამოცანას თავს ვართმევთ", _ აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.