"დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე შსს მინისტრ ვანო მერაბიშვილისა და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს. ამის შესახებ დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პროკურატურაში შევა სარჩელი, რომ აღიძრას საქმე მათ წინაღმდეგ.
"ვამზადებთ სარჩელს სააკაშვილის, მერაბიშვილისა და სხვა მაღალჩინოსნების წინაღმდეგ პროკურატურაში - აღიძრას საქმე სამსახურებრივ გულგრილობასა და სახელმწიფოს მიმართ ღალატზე. მე ვარ ძალიან მაღალკვალიფიციური იურისტი და ზუსტად ვიცი, რომ თუ მზადდება სახელმწიფო გადატრიალება და ამის წინააღმდეგ ქვეყნის მაღალჩინოსნები არაფერს აკეთებენ, ეს კონსტიტუციით დასჯადია. მაინტერესებს, თუ იცოდნენ რომ 4 ათასი კაცი იყო შეიარაღებული ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად, ქვეყნის პრეზიდენტმა და სხვა მაღალჩინოსნებმა რატომ არ აცნობეს ეს იმ ადამიანებს, ვინც საქართველოსთვის იბრძვის და რატომ არ დააკავეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილი ადამიანები. მათ დააყენეს საქართველოს სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშ. მოვითხოვ, პროკურატურამ აღძრას საქმე იმ ადამიანების მიმართ, ვინც "იცოდა" სახელმწიფო გადატრიალების შესახებ და ამას ხელი არ შეუშალა", - განაცხადა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, სარჩელზე მუშაობენ მასთან დაახლოებული იურისტები და სარჩელის მომზადებისთანავე ის გაიგზავნება პროკურატურაში.