დემოკრატიული მოძრაობის ლიდერ ნინო ბურჯანაძისთვის უცნობია, სად იმყოფება მისი მეუღლე ბადრი ბიწაძე.
როგორც ბურჯანაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მან არ იცის ბადრი ბიწაძის ადგილსამყოფელი.
"ჩემმა ქმარმა დღეს გავრცელებული ინფორმაცია მის შესახებ შეიძლება არც იცის, რადგან ის მიდიოდა შეხვედრაზე და ტელეფონი 7-8 საათისთვის უნდა ჩაერთო. არ ვიცი, სად იმყოფება და სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს. დარწმუნებული ვარ, რომ მას თან იარაღი არ აქვს. ისიც ვიცი, რომ ხელისუფლებაში მზადდებოდა გეგმა ჩემი განადგურებისთვის: ან უნდა დაეჭირათ ჩემი შვილი ნარკოტიკების ან იარაღის ტარების ბრალდებით, ან მოეკლათ ჩემი მეუღლე. თუმცა არის საშიშროება, რომ მათ გამოაცხადონ ბიწაძის აყვანის ოპერაცია. ბიწაძეს იარაღი არ აქვს და შეიძლება თქვან, რომ აყვანის დროს მან შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია და მოკლეს. ჩემმა მეუღლემ დამიბარა, რომ არ იქნებოდა შეიარაღებული და თუ მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა, ეს იქნებოდა მკვლელობა და არა შეიარაღებული წინააღმდეგობის დროს მომხდარი ლიკვიდაცია", - განაცხადა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, ვერც ერთი აღიარებითი ჩვენება ვერც ერთ დემოკრატიულ სასამართლოში "ვერ გამაგრდება".
"ვიღაცა ვიღაცას როდესაც ელაპარაკება ჩემზე და ჩემს ქმარზე, ჩვენ რა შუაში ვართ. ვერც ერთი აღიარებითი ჩვენება ვერ გამაგრდება დემოკრატიულ სასამართლოში. იქამდე დავეშვით, რომ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდება პოლიციისთვის წინაღმდეგობის გაწევის ბრალდებით შეიცვალა. ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ მათი ბრალდებები უკანონოა. არ ვაპირებთ გირაოს გადახდას ჩემი მეუღლისთვის, რადგან არც ერთი დაკავებულისთვის არ გადამიხდია გირაო და ჩემი ქმარი გარკვეული პრივილეგიებით არ ისარგებლებს მათთან შედარებით", - განაცხადა ბურჯანაძემ.