ოფიციალური თბილისის აზრით, ახალი დე-ფაქტო პრეზიდენტის არჩევა აფხაზეთთან ურთიერთობაში ვითარებას არ შეცვლის.
„იმ პირობებში, როცა აფხაზეთის ტერიტორია ოკუპირებულია და იქ საოკუპაციო წარმომადგენლების მიერ იმართება ვითარება, ძნელი გასაკეთებელია პროგნოზები იმის თაობაზე, რა ურთიერთობა ექნება საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას აფხაზეთთან მას შემდეგ, რაც ახალი ე.წ. პრეზიდენტის არჩევა მოხდება. სამომავლო ურთიერთობების განვითარება არარეალურად ჟღერს. ვფიქრობ, ამით ჩვენთვის ვითარება არ იცვლება", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე განმარტებით, აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩატარებული ნებისმიერი არჩევნები არალეგიტიმური იქნება, რისი უფლებაც არავის აქვს.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში გარდაიცვალა. მარიონეტული რეჟიმი 3 თვის ვადაში ახალი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას აპირებს.