ხვალ, 31 მაისს, საქართველოს თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ეწვევა.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თურქეთის პრემიერი საქართველოს პრეზიდენტთან ერთად სარფის განახლებულ საბაჟო პუნქტს გახსნის.
„ამის თაობაზე მხარეები მას შემდეგ შეთანხმებდნენ, რაც ქვეყნებს შორის მიმოსვლა ინტენსიური გახდა და სავჭრო ურთიერთობები გაღრმავდა. სწრაფ ტემპში მოხდა საბაჟო პუნქტის ინფრასტრუქტურის მშენებლობა", - განმარტა კალანდაძემ.
მისივე განმარტებით, აღნიშნულის გარდა მიხეილ სააკაშვილი და რეჯეპ ტაიპ ერდოღანი პირისპირ შეხვედრასაც გამართავენ, რომელზეც ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრებენ.
„თურქეთი ჩვენი ნომერ 1 სავაჭრო პარტნიორია და მნიშვნელოვანია, რომ ერთობლივი საბაჟო პუნქტის თაობაზე გადაწყვეტილება იქნა მიღებული", - აღნიშნა კალანდაძემ.