ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტს ალექსანდრე ანქვაბს, აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაუგზავნა. ინფორმაცია ამის შესახებ ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის ინტერნეტ-გვერდზეა განთავსებული.
სამძიმრის წერილში აღნიშნულია, რომ სერგეი ბაღაფშმა შეძლო აფხაზი ხალხის დაცვა სისხლისღვრისა და შიდა კონფლიქტებისაგან.
რამზან კადიროვი აღნიშნავს, რომ ბაღაფში ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებს შორის დამსახურებული ავტორიტეტით სარგებლობდა და მკაფიოდ აცნობიერებდა, რომ აფხაზეთის მომავალი რუსეთთან მეგობრობაში და მჭიდრო თანამშრომლობაშია.
შეგახსენებთ, რომ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში ამ დილით მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში 63 წლის ასაკში სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა. მის ნაცვლად, სამი თვის განმავლობაში აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობას ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი შეასრულებს.
მასალის გამოყენების პირობები