მოძრაობა „არას" ლიდერ ლევან ჩიტაძის ადგილსამყოფელის დადგენა ვერ ხერხდება. ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს" ლევან ჩიტაძის დედამ ლამარა ჩიტაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ბოლო ინფორმაციით, ჩიტაძე საგარეჯოს წინასწარი დაკავების იზოლატორში იყო, ხოლო ახლა სად არის ოჯახის წევრებმა და მისმა ახლობლებმა საერთოდ არ იციან. ლამარა ჩიტაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ლევან ჩიტაძის ადგილსამყოფელის გახმაურებს სთხოვს.
შეგახსენებთ, რომ 7 მაისს რუსთავში მოძრაობა "არა!"- სა და "სახალხო კრების" ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ აქციაზე სამართალდამცავებმა წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით აქციის შვიდი მონაწილე დააკავეს. მათ შორის მოძრაობა "არა!"-ს ლიდერი ლევან ჩიტაძე, რომელსაც სასამართლომ 30 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ასევე, დაკავებულები არიან დავით დალაქიშვილი, ვასილ ბალახაძე, გია ნოზაძე, ოთარ ყაველაშვილი, შალვა მახარაშვილი და გელა ნაკაშიძე, რომელთაც 7-დან 30 დღემდე პატიმრობა აქვთ შეფარდებული.
ლევან ჩიტაძე „სახალხო კრების" აქტიური მხარდამჭერია.