CNN-ის ინფორმაციით, ტორნადოს მისურის შტატში 142 ადამიანი ემსხვერპლა, 200-მდე კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. ტორნადოს შედეგად დაზარალებულ ქალაქ ჯოპლინს დღეს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ეწვევა.
ობამა მოსახლეობას შეხვდება. ამერიკის პრეზიდენტი დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გამართულ ცერემონიალშიც მიიღებს მონაწილეობას.
სტიქია მისურის შტატში უკვე შეაფასეს, როგორც ყველაზე დამანგრეველი უკანასკნელი 60 წლის განმავლობაში.
განადგურებულია 2 ათასამდე შენობა. ქალაქის მერის მიერ გავრცელებული ცნობით, ჯოპლინში არსებული ნაგებობების 30 პროცენტი დაზიანებულია.
ქარის სიჩქარე ტორნადოს ცენტრში საათში 350კილომეტრს აღწევდა. ქალაქის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მსხვერპლი გაცილებით დიდი იქნებოდა, მოსახლეობა 20 წუთით ადრე რომ არ გაეფრთხილებინათ.
მეტეოროლოგიური სამსახურიდან ინფორმაციის მიღებისთანავე ჯოპლინში სპეციალური გამაფრთხილებელი საყვირები ჩართეს.