აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს სერგეი ბაღაფშს, სავარაუდოდ, ხუთშაბათს, 2 ივნისს, ოჩამჩირის რაიონის მშობლიურ სოფელ ჯგერდაში დაკრძალავენ. ინფორმაციას ამის შესახებ "ინტერფაქსი" ბაღაფშის ოჯახის წევრებზე დაყრდნობით ავრცელებს. "სავარაუდოდ, დაკრძალვა ხუთშაბათს, სოფელ ჯგერდაში იქნება", _ განუცხადეს სააგენტოს ბაღაფშის ოჯახში.
მათივე თქმით, სერგეო ბაღაფშს მოსკოვიდან ორშაბათს, 30 მაისს საღამოს გადმოასვენებენ, მას შემდეგ რაც რუსეთის დედაქალაქში მისი სამოქალაქო პანაშვიდი დასრულდება.
"სავარაუდოდ, სერგეი ბაღაფშს სოხუმში ორშაბათს საღამოს გადაასვენებენ, ოთხშაბათს კი სოხუმის ფილარმონიაში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. დაკრძალვა კი მეორე დღეს იქნება", _ იუწყებიან ბაღაფშის ოჯახის წევრები.
შეგახსენებთ, რომ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში ამ დილით მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში 63 წლის ასაკში სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა. მის ნაცვლად, სამი თვის განმავლობაში აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობას ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი შეასრულებს.