აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს სერგეი ბაღაფშს აფხაზეთში ხვალ საღამოს ან ზეგ დილით გადაასვენებენ. სოხუმის აეროპორტში ბაღაფშის ცხედრის მისაღებად მზადება უკვე დაიწყო. განცხადება ამის შემდეგ კომპანია "აფხაზეთის ავიახაზების" გენერალურმა დირექტორმა ვიაჩესლავ ეშბამ გააკეთა.
"ვლადისლავ არძინბას სახელობის სოხუმის აეროპორტი მზადაა მიიღოს სახელმწიფოს მეთაურის ცხედარი ორშაბათს 30 მაისს საღამოს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ გადმოსვენება სამშაბათს 31 მაისს განხორციელდეს", _ განაცხადა ეშბამ და დასძინა, რომ ძალიან ბევრ ადამიანს სურს აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან გამომშვიდობება.
აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის სერგეი ბაღაფშის სამოქალაქო პანაშვიდი მოსკოვში ხვალ, 30 მაისს გაიმართება. პანაშვიდის ჩატარების ადგილი ამჟამად ზუსტდება.
თავად, სერგეი ბაღაფშს კი ოჩამჩირის რაიონში მდებარე მშობლიურ სოფელ ჯგერდაში დაკრძალავენ, იქ სადაც მისი მშობლები არიან დაკრძალულნი.
შეგახსენებთ, რომ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში ამ დილით მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში 63 წლის ასაკში სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა. მის ნაცვლად, სამი თვის განმავლობაში აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობას ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი შეასრულებს.
მასალის გამოყენების პირობები