მე დავუბრუნდი ჩემს ოჯახს და რაც მთავარია, მე დავუბრუნდი ჩემს ხალხს, ჩემს თანამოაზრეებს და რა თქმა უნდა, ბრძოლა გრძელდება. განაცხადა "სახალხო კრების ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ბათიაშვილმა დღეს მოწყობილ პრესკონფერენციაზე და ისაუბრა იმაზე თუ მთელი ამ დროის განმავლობაში სად იმყოფებოდა.
"როდესაც დარბევა იწყებოდა ხალხის მასაში ჩავედი ჩემს თანხლებ პირებთან ერთად და გავემართე მოწინავე რიგებისაკენ - მე სხვა უფლება არც მქონდა და მოვყევი მთელი ამ მოვლენების ეპიცენტრში. დაზიანებები რამე თუ იყო - ჭავლი, გაზი და ა.შ მივიღეთ მე და ჩემმა მეგობრებმა და აი სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ყველაზე საინტერესო რამ - როდესაც ჩვენ იძულებული ვიქენით შევსულიყავით კინოთეატრ "რუსთაველში" მიზნობრივად მომდევდნენ მე და ჩემს თანმხლებ პირებს მოსაკლავად. ჩვენ იძულებული ვიყავით ავსულიყავით სახურავზე, სახურავიდან სახურავზე. იყო სიბნელე, მესმოდა ყვირილი - ბათიაშვილი სად არის ? და ჩემი მიმართულებით რამდენიმეჯერ მოხდა გასროლა. მათ ჩემი ლიკვიდაცია სურდათ და შემდეგ ალბათ პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას დამაბრალებდნენ",_ აცხადებს ბათიაშვილი და აღნიშნავს, რომ დადევნებულებს მისი დაჭერა მაშინ არ უნდოდათ, მისი დაჭერა ეხლა სურთ.
"მათ ჩემი დაჭერა არ უნდოდათ - დაჭერა ახლა უნდათ. კუდი, პოლიცია - ყველაფერი აქ არის, უბრალოდ ჯერ ალბათ არ გადაუწყვეტიათ თუ რა ქნან. 15 საათის განმავლობაში ვიყავი რაღაც უბედურებაში შენობის სახურავში , იქ ვერ მოგვაგნეს და მერე უკვე ერთ-ერთი მომიტინგე, უცნობი პიროვნება ჩვენთან ერთად აღმოჩნდა, გიორგი ერქვა, მე უკვე ძალიან ცუდად ვიყავი, მე მახლდა ჩემი ცოლისძმა - თამაზ ფანჩულიძე სწორედ მას ვუმადლი, რომ ცოცხალი ვარ. მერე უკვე ერთ-ერთმა მომიტინგემ, მეორე დღეს საღამოს წაგვიყვანა სად არ ვიცი, ეტყობა თავისი ახლობლის ოჯახში სადაც მომასულიერეს, მოვშუშდი, გონს მოვეგე და დავუბრუნდი ჩემს ოჯახს და რაც მთავარია - მე დავუბრუნდი ჩემს ხალხს, ჩემს თანამოაზრეებს და რა თქმა, უნდა ბრძოლა, პოლიტიკური ბრძოლა გრძელდება", _ განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.