მოძრაობის „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ლიდერ ეკა ბესელიას განცხადებით, ხელისუფლება საპროტესტო ელექტორატს ტანკებით, ხელჯოხებითა და გაზით ვერ შეაჩერებს.
„ეს აქციას სწორედ იმ ადამიანების გასამხნევებლად და სოლიდარობისთვის იმართება, რომლებსაც სჯერა, რომ სამართლიანობის წინააღმდეგ ბრძოლა აუცილებელია. ჩვენ ტანკებით, ხელჯოხებითა და გაზით ვერ შეგვაშინებს ეს ხელისუფლება. პირიქით, პროტესტი იზრდება", - განუცხადა ბესელიამ „ჯი-ეიჩ-ენს" არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებით რუსთაველის ძეგლთან გამართულ საპროტესტო აქციაზე, რომელიც 26 მაისს დარბეული მიტინგის წინააღმდეგ მოეწყო.
რაც შეეხება უშუალოდ „სახალხო კრების" ორგანიზებით გამართული აქციის დაშლას, ბესელია მას „სადამსჯელო ოპერაციად" აფასებს.
ამ წუთებში, არასამთავრობოების ინიციატივით გამართული საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობის წინ გრძელდება. ადამიანის უფლებათა დამცველებმა და მომიტინგეებმა საკანონმდებლო ორგანომდე მდუმარე მსვლელობა მოაწყვეს.