„სუხიშვილები" 26 მაისის აღლუმისას ანსამბლის ერთ-ერთი მოცეკვავის დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით, რომელზეც ჩანს, თუ როგორ გაჰყავს ანსამბლის ერთ-ერთი მოცეკვავე ორ სამოქალაქო ფორმაში ჩავმულ პირს პარლამენტის შენობის ტერიტორიიდან, ცოტა ხნის წინ კომენტარი "სუხიშვილების" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ხატია ეკიზაშვილმა გააკეთა.
„ჩვენი მოცეკვავე ლაშა ლობიანიძე ცუდად გახდა, მას გული წაუვიდა და პირები, რომლებიც ფოტოზე ჩანს, მას მხოლოდ ტერიტორიიდან გასვლაში ეხმარებოდნენ. ლაშა ათენში იმყოფებოდა, სადაც „იავნანას" საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობდა და ფრენის გამო გადაღლილი იყო. ის თბილისში 24 მაისს დაბრუნდა", - განმარტა ეკიზაშვილმა.
მისივე განმარტებით, აღლუმზე ცეკვა „ხორუმი" მოცეკვავეების უარის თქმის გამო არ ჩაშლილა და მისი არ შესრულების მიზეზი მხოლოდ ის გახდა, რომ რუსთაველის გამზირზე ღამით განვითარებული მოვლენების გამო, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა, სადღესასწაულო განწყობა აღარ იყო.
„ის, რომ ცეკვა და საკონცერტო ნორმები აღარ შესრულდებოდა თავდაცვის სამინისტროსა და აღლუმის ორგანიზატორების გადაწყვეტილება იყო, რასაც ჩვენი აზრიც დაემთხვა", - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ საზეიმო აღლუმზე სამხედრო ფორმაში გამოწყობილ „სუხიშვილებს" საბრძოლო ცეკვა „ხორუმი" უნდა შეესრულებინათ, თუმცა ის არ შესრულებულა.
როგორც იმავე დღეს თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ამის მიზეზი 26 მაისის ღამეს, პარლამენტთან მიმდინარე არასანქცირებული მიტინგის დაშლის შედეგად ორი ადამიანის გარდაცვალება გახდა, თუმცა სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, „ხორუმის" შესრულებაზე უარი თავად ანსამბლის ერთ-ერთმა მოცეკვავემ განაცხადა, რის გამოც ის ადგილზევე დააკავეს.
არსებობს ფოტოც, რომელზეც ჩანს, როგორ გაჰყავს სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მოცეკვავზე პარლამენტის შენობის წინა ტერიტორიიდან ორ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ პირს.