გერმანული ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი "კომერც ბანკი" საქართველოში ოფიციალურად შემოდის. "კომერც ბანკი" საქართველოში საკუთარ წარმომადგენლობას გახსნის, ამის შესახებ განცხადება ბიზნესფორუმზე გაკეთდა, რომელიც გერმანიაში მიმდინარეობდა.
"კომერც ბანკის" გადაწყვეტილებაა საქართველოში წარმომადგენლობა გახსნას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ გერმანელ ინვესტორებს უფრო მეტი ნდობა გაუჩნდებათ საქართველოში ინვესტიციების ჩასადებად"- განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ.
ქართველმა მინისტრმა შეხვედრები გამართა ასევე თავის გერმანელ კოლეგასთან.
გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ფედერალური მინისტრი აცხადებს, რომ გერმანული ბიზნესი საქართველოს საინვესტიციო კლიმატით დაინტერესდება და სამომავლოდ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.
"საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. ვფიქრობ ბევრი გერმანელი ინვესტორი დაინტერესდება საქართველოში ბიზნესის სხვადასხვა სექტორით"- განაცხადა
გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ფედერალურმა მინისტრმა დირკ ნიბელიმ.