"ახალი მემარჯვენეები" ხელისუფლებისგან იმ ძალოვანების დასჯას მოითხოვენ, რომელთაც 26 მაისს, მიტინგის დარბევისას უფლებამოსილებას გადაამეტეს.
„საპროტესტო აქციის დარბევის შემდეგ შეფასებები უკვე გაკეთდა და პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციის მხრიდან აღიარებულ იქნა, რომ დაირღვა საერთაშორისო ნორმები და ქვეყნის კანონმდებლობა, პოლიციის მხრიდან გამოყენებულ იქნა არაპროპორციული ძალა და ადამიანები სასტიკად იქნენ ნაცემი. გავრცელებული ინფორმაციით საუბარია არა მხოლოდ ნაცემ ადამიანებზე, არამედ გარდაცვლილებზე, რომლებიც სავარაუდოდ დარბევის მსხვერპლნი გახდნენ. სახალხო დამცველმა, ახალგაზრა იურისტთა ასოციაციამ და სხვა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს საკითხებზე თანამომხსენებლებმა, ევროკავშირმა, ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა „ჰუმან რაიტს ვოჩმა" და „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" საქართველოს ხელისუფლებას 26 მაისს რუსთაველის გამზირზე პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტების გამოძიებისკენ და დამნაშავეთა დასჯისკენ მოუწოდეს. მათ მოთხოვნას ჩვენს ვუერთდებით", - განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა მანანა ნაჭყებიამ დღეს გამათულ პრესკონფერენციაზე.
მისივე განმარტებით, პოლიციის მიერ ძალის გადაჭარბებული გამოყენება, განსაკუთრებული სისასტიკე და ცინიზმი სახეზეა იმ კადრებიდან და ფოტოსურათებიდან, როლებმაც მთელი საქართველო და მსოფლიოს ბევრი ქვეყანა შეძრა და გააოგნა.
"სავსებით ცხადია, რომ ხელისუფლება მიტინგზე მოსულ ადამიანებს პირად მტრად, მათი პირადი კეთილდღეობისთვის საფრთხედ აღიქვამს და არა ქართული სახელმწიფოს და ქართული დემოკრატიის მტრად და საფრთხედ, როგორც ამას საჯაროდ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. „ახალი მემარჯვენეები" მოვითხოვთ: 1. ვინაიდან ის ოფიციალური ორგანოები, რომელთა მოვალეობაცაა გამოძიების ჩატარება თვითონ მონაწილეობდნენ მიტინგის დარბევაში და ვერ იქნებიან ობიექტურნი, საქართველოს სახალხო დამცველთან შეიქმნას 26 მაისს მომხდარი საპროტესტო აქციის დარბევის დროს პოლიციის მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების შემსწავლელი საზოგადოებრივი საგამოძიებო კომისია; 2. კომისიამ შეისწავლოს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტები, რომელმაც სავარაოდოდ, გამოიწვია ადამიანების სიკვდილი, და როგორც უამრავი ვიდეო და ფოტო კადრებით სავსებით ცხადად ჩანს, უამრავი ადამიანის ცემა, წამება, მათ მიმართ სასტიკი მოპყრობა და ღირსების შელახვა; სამართლიანი გამოძიების შემდეგ კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ ადამიანები, რომელთა ბრალეულობაც გამო ივეთება რუსთაველის გამზირზე 26 მაისს საპროტესტო აქციის დარბევის დროს", - განმარტა ნაჭყებიამ.