დღეს, 27 მაისს, 19:00 საათზე, ვაკეში, მრგვალ ბაღთან ირაკლი ბათიაშვილის ოჯახის წევრები იკრიბებიან და ე.წ. მოდულის შენობასთან მიემართებიან.
აღსანიშნავია, რომ "ეროვნული კრების" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ბათიაშვილი ამ დრომდე გაუჩინარებულია. რუსთაველის გამზირის დარბევის შემდეგ ბათიაშვილი არსაც ჩანს. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათთვის ამ დრომდე ბათიაშვილის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია არავის მიუწოდებია. მათი განცხადებით, ყველა სამართალდამცავ სტრუქტურაში მათ პასუხობენ, რომ ბათიაშვილი მათთან არ არის.
ამავე დროს ვრცელდება ინფორმაციები, რომელთა მიხედვითაც, ირაკლი ბათიაშვილი ე.წ. მოდულის შენობაში იმყოფება. არის ასევე ინფორმაცია, რომ იგი დიღომში პოლიციის სამმართველოში ჰყავთ დაკავებული. ერთ-ერთი ვერსიით, იგი ყინწვისის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეცდანიშნულების რაზმის მიერ დაკავებულ 30 ადამიანს შორისაა.
ოფიციალურად აღნიშნულ ინფორმაციებს არავინ ადასტურებს. ხელისუფლება აცხადებს, რომ მას ოპოზიციის არც ერთი ლიდერი არ დაუკავებიათ. ოჯახის წევრები შიშობენ, რომ ბათიაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.