საქართველოს საპატრიარქოს შეფასებით, სამართალდამცავთა მხრიდან გამოყენებული ძალისმიერი ქმედებების გამო მომიტინგეებს სერიოზული ფიზიკური შეურაცხყოფა და ზიანი მიადგა.
"ვწუხვართ, იმ ფაქტის გამო, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქართველი ერი ამ სახით შეხვდა. იმის მიხედვით, რაც ეკრანზე ვიხილეთ, ნათელია, რომ აქციაზე შეკრებილებმა სახელმწიფოს მხრიდან გაფრთხილება არ გაითვალისწინეს, მაგრამ სამართალდამცავთა მხრიდან გამოყენებული ძალისმიერი ქმედებების გამო სერიოზული ფიზიკური შეურაცხყოფა და ზიანი მიადგა მომიტინგეებს", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
ამასთან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ხელისუფლებას შუამდგომლობით მიმართავს, დაპატიმრებულ მომიტინგეთა წინააღმდეგ სასჯელი ლმობიერი იყოს.
"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დაპატიმრებულთა გამო შუამდგომლობით მიმართავს ხელისუფალთ, რათა მათ მიმართ სასჯელი იყოს ლმობიერი. ღმერთი სიმართლისა და მშვიდობისა იყოს ჩვენს შორის, ამინ!", - აღნიშნულია განცხადებაში.
მასში ასევე ნათქვამია, რომ მომიტინგეთა დაშლის დაწყებისთანავე ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, შემთხვევის ადგილზე კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი და სხვა სასულიერო პირები მივიდნენ, რათა „შექმნილი ვითარება შეძლებისდაგვარად განემუხტათ და ხალხის ნაწილი ქაშვეთის ტაძარში შეეყვანათ".
საქართველოს საპატრიარქო დარბევისას დაღუპული ორი მოქალაქის გამო მწუხარებასაც გამოთქვამს.