სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ხელისუფლებას დაპატიმრებულ მომიტინგეთა წინააღმდეგ „ლმობიერი სასჯელის" დაწესების შუამდგომლობით მიმართავს.
26 მაისს, პარლამენტთან გამართული აქციის დარბევასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დაპატიმრებულთა გამო შუამდგომლობით მიმართავს ხელისუფალთ, რათა მათ მიმართ სასჯელი იყოს ლმობიერი. ღმერთი სიმართლისა და მშვიდობისა იყოს ჩვენს შორის, ამინ!", - აღნიშნულია განცხადებაში.
მასში ასევე ნათქვამია, რომ მომიტინგეთა დაშლის დაწყებისთანავე ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, შემთხვევის ადგილზე კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი და სხვა სასულიერო პირები მივიდნენ, რათა „შექმნილი ვითარება შეძლებისდაგვარად განემუხტათ და ხალხის ნაწილი ქაშვეთის ტაძარში შეეყვანათ".
საქართველოს საპატრიარქო დარბევისას დაღუპული ორი მოქალაქის გამო მწუხარებასაც გამოთქვამს.