საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში იუსტიციის სახლი გახსნა. იუსტიციის სახლი სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულება იქნება, სადაც სხვადასხვა სტრუქტურის სერვისების მიღება მოქალაქეებს ერთი ფანჯრის პრინციპით შეეძლებათ.
"საქართველო 7 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყნიდან ერთ-ერთ ყველაზე არაკორუმპირებულ ქვეყანად იქცა", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში, იუსტიციის სახლის საზეიმო გახსნაზე განაცხადა.
"არ არსებობდა საქართველოში არც ერთი მომსახურება, რომელსაც პატიოსანი მოქალაქე მიიღებდა ქრთამის გარეშე. მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი კახა თარგამაძე პირდაპირ აცხადებდა, რომ პოლიციელების შემოსავალი მხოლოდ ის თანხა იყო, რომელსაც ხალხს გამოსძალავდნენ", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი განცხადებით, ქართველმა ხალხმა ამ ყველაფერზე ბოლოს და ბოლოს თქვა "კმარა!" და 7 წლის წინ საკუთარ ხელში აიღო ქვეყნის მართვის სადავეები.
"ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ერთად შევძელთ, სახელმწიფო ინსტიტუტების აშენება; მოვსპეთ კრიმინალური ავტორიტეტი. შევთანხმდით, რომ რეფორმები იქნებოდა რადიკალური. მართლაც, რეფორმები შეეხო ყველა სფეროს: მედიცინის, განათლების, მეცნიერების. რეფორმები შეეხო ჩვენს ცნობიერებასა და მენტალიტეტსაც", - განაცხადა მან.
"მრავალი ქვეყნიდან ჩამოდიან დღეს აქ იმისთვის, რომ ჩვენი რეფორმები გადაიღონ", - განაცხადა მან.