"სახალხო კრების" ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ბათიაშვილისა და მისი ცოლის ძმის თამაზ ფანჩულიძის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობი რჩება.
ფანჩულიძის მეუღლე ლია ფანჩულიძე სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, თამაზ ფანჩულიძე სასტიკად არის ნაცემი და ნაწამები. ინფორმაცია ამის შესახებ, მისი თქმით, მას მიაწოდეს. თუმცა, ახლობლები ირაკლი ბათიაშვილისა და მისი ნათესავის პოვნას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.
ფანჩულიძის მეუღლე არც იმას გამორიცხავს, რომ "რაღაც საშინელება მომხდარიყო".
"მომაწოდეს ინფორმაცია, რომ თამაზი სასტიკად არის ნაწამები და ნაცემი. ირაკლის შესახებ კი არაფერი ვიცით, თუმცა ვერც თამაზის პოვნას ვახერხებთ. ვინაიდან ყველა ყველაფერს გვიმალავს და არავინ არაფერს გვეუბნება არ გამოვრიცხავ, რომ მომხდარია რაღაც საშინელება", - აცხადებს ლია ფანჩულიძე და საქართველოში მოქმედ ყველა ქართულ და საერთაშორისო ადამიანის უფლებების დამცავ ორგანიზაციას სთხოვს, ჩაერთონ ირაკლი ბათიაშვილისა და თამაზ ფანჩულიძის მოძიების პროცესში.