საქართველოს საგარეო უწყება საფრანგეთთან პოლიტიკურ კონსულტაციებს გამართავს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძის ინფორმაციით, კონსულტაციები თბილისში დღეს, 27 მაისს დაიწყება. კალანდაძის განცხადებით, კონსულტაციების გარდა, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის წევრები საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელ გრიგოლ ვაშაძესა და უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიასთანაც გამართავენ შეხვედრებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები უკვე გაიმართა. კონსულტაციები დედაქალაქ ბერნში 23 მაისს დაიწყო.
კალანდაძის თქმით, პოლიტიკური კონსულტაციების გაგრძელება 30 მაისს საქართველოში შვეიცარიის პრეზიდენტის მიშელ კალმირეის ოფიციალური ვიზიტი იქნება, რომელსაც როგორც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ისე საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე მიიღებენ.
"შეხვედრებზე მოხდება ყველა იმ მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა, რომლებიც ორი ქვეყნის ურთიერთობაში დგას", - განმარტა მინისტრის მოადგილემ.