პარლამენტის შენობის წინ აქციის დარბევისას ნინო ბურჯანაძის ვაჟი ანზორ ბიწაძეც დაშავდა. როგორც მან "მაესტროსთან" საუბრისას განაცხადა, სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებთან შეტაკებისას მას რამდენიმე რეზინის ტყვია მოხვდა.
"მაქვს მსუბუქი დაზიანება. რამდენიმე რეზინის ტყვია მომხდა, მაგრამ ეს არაფერია. როცა დარბევის შემდეგ აქციის მიმდებარე ტერიტორიას დაახლოებით 100 მეტრის რადიუსიდან დავშორდით, საპატრულო პოლიციის მანქანიდან, რომელშიც ფორმიანი სამართალდამცველები ისხდნენ, ჩემი და ჩემი მეგობრების მიმართულებით გახსნენს ცეცხლი", - განაცხადა ანზორ ბიწაძემ.
ბურჯანაძის ვაჟის შეფასებით, ის, რაც პარლამენტის შენობის წინ მოხდა, არა ტერიტორიის გაწმენდა, არამედ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული სადამსჯელო ოპერაცია იყო.
"მიუხედავად იმ კატასტროფული სისასტიკისა, რასაც პოლიცია ბოლო რამდენიმე წელია იჩენს, მაინც არ წარმომედგინა, რომ ამას გააკეთებდნენ. ეს არ იყო დარბევა და ტერიტორიის გაწმენდა, ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია იმისთვის, რომ ხალხი გაეჭყლიტათ", - განმარტა ბურჯანაძის ვაჟმა.