თბილისის მერია სახალხო კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც მერიის განცხადებაშია აღნიშნული, აქციის მონაწილეებმა განაცხადი შეიტანეს მერიაში, რომელშიც ნათლად იყო აღნიშნული, რომ აქციის ჩატარების თარიღია 21 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით.
"მოგეხსენებათ, რომ ხვალ არის დამოუკიდებლობის დღე და ტრადიციულად ეს დღე აღინიშნება სხვადასხვა სახის ღონისძიებით, შესაბამისად, დემოსტრაცია ვერ ჩატარდება თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე, ვარდების მოედანზე. აქედან გამომდინარე, დემონტრაციის მონაწილეებმა შესაძლოა გადაინაცვლონ თბილისის ნებისმიერ ადგილას, მაგალითად, ვაკის პარკში, დედა ენის ბაღში ან ვერის ბაღში", - აღნიშნულია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სახალხო კრება პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას ამ წუთებშიც მართავს. სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს წევრ ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მომიტინგეები პარლამენტთან დარჩებიან და ხვალ, 26 მაისს პრეზიდენტს აღლუმის ჩაბარების საშუალებას არ მისცემენ.