სახალხო კრება პარლამენტის მიერ თავისუფლების ქარტიის მიღებას აპროტესტებს. როგორც აქციის ერთ-ერთმა ლიდერმა გია კობახიძემ განაცხადა, თავისუფლების ქარტიის მიხედვით, ჟიული შარტავა ცოცხალი რომ ყოფილიყო, პოლიტიკურ თანამდებობას ვერ დაიკავებდა.
"ჟიული შარტავა კომკავშირელი იყო, მაგრამ წავიდა ამ ქვეყნიდან, როგორც საქართველოს გმირი. იმ კანონით კი, რომელსაც ეს პარლამენტი მიიღებს, შარტავა რომ ცოცხალი ყოფილიყო, თანამდებობის დაკავების უფლება არ მიეცემოდა. როგორ ფიქრობთ, ეს რამენად კანონიერია?!" - მიმართა კობახიძემ ხალხს.
მისი თქმით, თუ საკითხს ასე მივუდგებით, მაშინ დღევანდელი ხელისუფლებისა და პარლამენტის წევრების 90 პროცენტი დეზერტირები არიან და მათ უფლება არ აქვთ, აღნიშნული თანამდებობები ეკავოთ.
შეგახსენებთ, რომ მომავალ კვირას პარლამენტი კენჭს უყრის თავისუფლების ქარტიას, რომელიც თავის თავში ლუსტრაციის შესახებ კანონს აერთიანებს. კანონის მიღების შემდეგ პირებს, რომლებიც კომუნისტური რეჟიმის წარმომადგენლები იყვნენ, ან უშიშროებასთან თანამშრომლობდნენ, პოლიტკური თანამდებობის დააკავება ეკრძალებათ და ვალდებულები არიან ამის შესახებ საჯაროდ განაცხადონ.