გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ საზოგადოებას და მედიასაშუალებების წარმომადგენლებს 2009 წელს სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
"ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა, რომელიც აქვს წელს სამინისტროს ეს არის კონკრეტული სამოქმედო გეგმა. სხვადასხვა ცვლილებები, რომელიც შეიძლება სამინისტროში მოხდეს, ვეღარ მოახდენს გავლენას გეგმის მიმდინარეობაზე. ყველამ იცის კონკრეტულად სად ვართ, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ. ყველაზე დიდ მიღწევად კი მიმაჩნია ყველა კვლევის თუ გამოკითხვის შედეგი, რომ გარემოს დაცვის სამინისტროში მიმდინარე მოვლენები არ რჩება საზოგადოების ყურადღების მიღმა. მივაღწიეთ მაქსიმალურ გახსნილობას, გვაქვს ძალიან ვრცელი საინფორმაციო ველი, რათა მუდმივი ურთიერთობა გვქონდეს მედიასთან და საზოგადოებასთან ინტერნეტის, რადიოს და ტელევიზის, პრესისა, თუ სხვადასხვა კონფერენციების საშუალებით", -განუცხადა ჟურნალისტებს ხაჩიძემ.
ამასთან, მინისტრის განცხადებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში 2009 წელს მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა. სხვადასხვა სიახლე დაინერგა საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის მიმართულებით. სამინისტროში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რეგულარულად ტარდება ონლაინ და პრესკონფერენციები (დაახლოებით 40-მდე პრესკონფერენცია), ძირეულად განახლდა სამინისტროს ვებ-გვერდი. განახლებულ საიტს 400 ათასამდე ინტერნეტ-მომხმარებელი ესტუმრა. ყოველთვიურად ვრცელდება სამინისტროს ღონისძიებების ამსახველი "Nეწსლეტტერ", დაწესდა მოქალაქეთა მიღების საათები, სამინისტროს მიერ გადაწყვეტილებების მიღებაში საზოგადოების ჩართულობის უზრუნველსაყოფად შეიქმნა საზოგადოებრივი საბჭო, დაარსდა სტუდენტური "მწვანე კლუბი", ამოქმედდა სამინისტროს ცხელი ხაზი "070".
წლის შემაჯამებელი პრესკონფერენციის ბოლოს გოგა ხაჩიძემ ბეჭდვითი და ელექტრონული მედიის წარმომადგენლებს კოპენჰაგენში კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმზე ქართული მხარის მიერ მომზადებული დოკუმენტი გააცნო. 13-18 დეკემბერს გარემოს დაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაცია კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყნის პოზიციას დანიის დედაქალაქში 192 ქვეყნის სამი ათასამდე დელეგატს გააცნობს.