საქართველოს პრეზიდენტი 2008 წლის ომის დაწყების მიზეზებზე კიდევ ერთხელ საუბრობს. „ვინ დაიწყო ომი"? აღნიშნულ შეკითხვაზე პასუხის გაცემა მიხეილ სააკაშვილს ამჯერად უკრაინულ ტელეარხთან ინტერვიუში მოუწია.
„ხშირად ისმის რუსეთის მხრიდან ბრალდებები, რომ ომი ჩვენი პროვოცირებული იყო, მაგრამ ყველამ იცის, რომ ეს ასე არ არის. ჩვენ არ დავსხმივართ თავს მშვიდ და მძინარე ქალაქ ცხინვალს. ამისთვის რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა. ჩვენ არ ვართ თვითმკვლელები და რა თქმა უნდა, რუსეთთან დაპირისპირება არ გვსურდა.ამის თავიდან ასაცილებლად ყველაფერს ვაკეთებდით, მაგრამ მათ ეს დიდი ხნით ადრე ჰქონდათ გადაწყვეტილი და პუტინსაც არაერთხელ განუცხადებია, რომ ომი გარდაუვალი იყო", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს მიმართ განხორციელებულ ქმედებებს საერთაშორისო თანამეგობრობა „ოკუპაციად" აფასებს, სამხედრო ოკუპაცია კი ადრე თუ გვიან სრულდება.
„სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია: საქართველოს ტერიტორიის 20 % დღემდე უკანონო ოკუპაციის ქვეშ იმყოფება. ეს ჩემი ტერმინი არ არის. ეს ევროპარლამენტის, შეერთებული შტატებისა და ბევრი ევროპული ქვეყნის ტერმინია. თუმცა, მოგეხსენებათ, ნებისმიერი სამხედრო ოკუპაცია ბოლოს სრულდება. მთავარია შემდგომი განვითარება. საქართველოში წელს ეკონომიკის 9 %-იანი ზრდა დაფიქსირდება, რაც რუსეთის მაჩვენებელზე გაცილებით დიდია", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.