უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი ცხინვალის რეგიონთან არსებულ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე კონტროლის გამკაცრებას სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს.
„როცა არსებობს გარკვეული რისკები იმისა, რომ შესაძლოა სიტუაცია დაიძაბოს და გარკვეულ პროვოკაციებს ჰქონდეს ადგილი, კონტროლის გამკაცრება არის ნორმალური და სწორი გადაწყვეტილება. საფრთხეები რომ თავიდან ავიცილოთ, საჭიროა კონტროლის მექანიზმების გაძლიერება და მეტი ყურადღება ამ მიმართულებით, მათ შორის უსაფრთხოების ნორმების გამკაცრება. ეს ყველაფერი ნორმალურია", - განუცხადა სესიაშვილმა „ჯი-ეიჩ-ენს".
მისივე განმარტებით, ბლოკ-საგუშაგოებზე გაძლიერებული დაცვა შიდაპოლიტიკურ სიტუაციას და საქართველოში ჩამოსვლის თაობაზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მიერ პარიზიდან გაკეთებულ განცხადებას უნდა უკავშირდებოდეს.
„რა თქმა უნდა, ეს უკავშირდება შიდაპოლიტიკას და ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ის საქართველოში აპირებდა ჩამოსვლას. ცხადია, ოქრუაშვილი აქ მარტო არ ჩამოვიდოდა და თუ დაბრუნებას გადაწყვეტდა, ეს გარკვეულ ჯგუფთან ერთად მოხდებოდა", - აღნიშნა უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტმა.
რაც შეეხება სამხედრო ბაზებიდან რეზერვისტების სრული შემადგენლობის გათავისუფლებას, ირაკლი სესიაშვილის ვარაუდით, ეს მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის მოსალოდნელ შეტაკებას შეიძლება უკავშირდებოდეს, რომელსაც არ არის გამორიცხული, 26 მაისს ჰქონდეს ადგილი.
„ყველა ის ქვედანაყოფი, რომელიც თბილისთან ახლოსაა, შეიძლება საჭირო გახდეს დედაქალაქში. ალბათ, ხელისუფლებას თბილისში სჭირდება ის კონტიგენტი, რომელიც სარეზერვო სამსახურს ამზადებს, რადგან არ არის გამორიცხული, 26 მაისს გარკვეულ ინციდენტს ჰქონდეს ადგილი - მოხდეს მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება. თუ
სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა და ამას მოჰყვა არეულობები, შესაძლოა
ხელისუფლებამ მიიღოს გადაწყვეტილება და გამოცხადოს საგანგებო
მდგომარეობა. ამ შემთხვევაში სამხედრო ქვედანაყოფები გამოყენებულ
იქნება სტრატეგიული ობიექტების დასაცავად", - განუმარტა ირაკლი სესიაშვილმა „ჯი-ეიჩ-ენს".