საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ბრიუს ჯორჯი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
"მოხარული და ბედნიერი ვარ შევასრულო სასიამოვნო და საპატიო მოვალება საქართველოს სახელმწიფოს და ჩემი სახელით გადავცე ღირსების ორდენი ბრიუს ჯორჯს იმ წვლილისთვის, რომელიც შეტანილი აქვს საქართველო ინტერესების დასაცავად საერთაშორისო დონეზე", - განაცხადა დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ ბაქრაძემ გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის ყოფილი წევრი საქართველოს ინტერესებს ყველგან, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში იცავდა.
"მინდა მივესალმო ადამიანს, რომელიც იყო, არის და მომავალშიც დარჩება საქართველოს ერთ-ერთ აქტიურ მხარდამჭერად და მეგობრად. მივესალმო ადამიანს, რომელმაც ძალიან ბევრი გაკეთა დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს მხარდაჭერისთვის. ის იყო ჩვენ ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ მხარდამჭერი ყველა საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაციაში, სადაც მოღვაწეობდა იქნებოდა ეს ნატოს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში", - აღნიშნა ბაქრაძემ.
ბრიუს ჯორჯს ღირსების ორდენი საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შორის ურთიერთობების განმტკიცების საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ინტერესების მტკიცე მხარდაჭერის გამო გადაეცა.
როგორც ცნობილია, ბრიუს ჯორჯი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის ყოფილ წევრ და გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ყოფილ თავმჯდომარეა.