საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი დაგეგმილი აღლუმის მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია.
საკანონმდებლო ორგანოს წინ უკვე დამონტაჟებულია სცენა, რომელზეც საქართველოს მთავარსარდალი და ხელისუფლების მაღალჩინოსნები განთავსდებიან.
ხვალისთვის დაგეგმილ აღლუმში საქართველოს შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობასთან ერთად, საბრძოლო ტექნიკა და ავიაცია მიიღებს მონაწილეობას.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის, სალომე მახარაძის განცხადებით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე ხვალ პირველად გამოჩნდება საქართველოში წარმოებული ახალი ჯავშანმანქანა „დიდგორი".
აღლუმზე მარშით ქვეყნის შეიარაღებული ძალების ყველა დანაყოფი ჩაივლის. მაში მონაწილეობას საჰაერო ძალებიც მიიღებენ. წლევანდელ აღლუმზე პირველი ქართული წარმოების ჯავშანტრანსპორტიორი "დიდგორიც" გამოჩნდება. ასევე, დაგეგმილია "სუხიშვილების" მოცეკვავეების გამოსვლა, რომლებიც სამხედრო ფორმებში ცეკვა "ხორუმს" შეასრულებენ.
26 მაისს აღლუმს საქართველოს უმაღლესი სარდალი, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩაიბარებს. ღონისძიებას მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
აღლუმისთვის რეპეტიცია უკვე დასრულებულია. ის დღეს აღარ გაიმართება.