ოპოზიციური პარტიების ნაწილი მე-2 არხის მუშაობის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას მოითხოვენ და „სახალხო კრების" ორგანიზებული აქციების უწყვეტად პირდაპირ ეთერში გადაცემის წინააღმდეგ გამოდიან.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს საგანგებო განცხადებები „დემოკრატიული პარტიის", „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" და „თავისუფლების" ლიდერებმა გააკეთეს.
მათი განცხადებით, „სახალხო კრების" აქციები აქტიუალურობას უკვე მოკლებულია, რის გამოც საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხის გამოყენების საშუალება სხვა ძალებსაც უნდა მიეცეთ.
„საქართველოში არსბეობს 20-ზე მეტი პარტია, რომელიც იყენებს მეორე არხს. უნდა აღდგეს თავისუფალი ტრიბუნა და იმ ძალას, რომელიც მართავს აქციას, უნდა მიეცეს ეთერის გამოყენების საშუალება და უფლება მხოლოდ შეზღუდულად, იმ ხანგრძლივობით, რაც მას სხვა პარტიებთან პროპორციულად ეკუთვნის. მეორე არხი არაა ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის არხი", - განაცხადა „დემოკრატიული პარტიის" თავმჯდომარე გია თორთლაძემ.
„თავისუფლების" ლიდერის, კონსტანტინე გამსახურდიას თქმით კი, როცა მეორე არხი გახმოვანების გარეშე მხოლოდ აჩრდილებივით მოსიარულე ადამიანებს აჩევენებს, უინტერესოა.
„ქვეყანაში სხვა პარტიებიც არსებობენ და მათაც უნდა დაეთმოთ ეთერი. კი ბატონო, კრების აქციის მნიშვნელოვანი მომენტები გადაიცეს პირდაპირ ეთერში, მაგრამ როცა ეკრანზე ხმა არის გამორთული და ვხედავთ მხოლოდ აჩრდილებივით მიმავალ ადამიანებს, ეს აღარაა აქტუალური და უინტერესოა", - განმარტავს გამსახურდია.
რაც შეეხება, „ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას", ედპ-ის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა გია თორთლაძისა და კონსტანტინე გამსახურდიას მოსაზრებებს იზიარებს და მე-2 არხის მხოლოდ ერთი ძალის მიერ „მონოპოლიზაციას" დაუშვებლად მიიჩნევს.
„მონოპოლიზებასაზოგადოებრივი არხის მხოლოდ ერთი პარტიის მიერ უაზრობაა. მაშინ ჩავატარებთ ჩვენც 200 კაციან ღონისძიებას და მოვითხოვთ, რომ გადაიცეს ის პირდაპირ ეთერში", - აღნიშნა ქარდავამ.
შეგახსენებთ, რომ „სახალხო კრების" აქციები უწყვეტად პირდაპირ ეთერში გადაიცემა.