საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი კონსულტაციები გაიმართა.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, . შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში გამართულ კონსულტაციებში ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ყარალაშვილი, საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი მამუკა ციხელაშვილი, საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორი თინათინ გოლეთიანი, საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი ვახტანგ მახარობლიშვილი, ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორი გიგი გიგიაძე და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა ნინო დანიბეგაშვილი მონაწილეობდნენ.
კონსულტაციებზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი. ხაზი გაესვა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების აუცილებლობას. ქართულმა მხარემ გამოხატა მადლიერება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფარგლებში გაწეული დახმარებისთვის. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი ბაზის სრულყოფის აუცილებლობაზე.
შვეიცარიულ მხარეს მიეწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოში წარმატებით განხორციელებული ეკონომიკური რეფორმებისა და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების შესახებ. შვეიცარიული მხარე დაინტერესდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებით, ხაზი გაესვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობას რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები, ჟენევის ფორმატით მიმდინარე მოლაპარაკებები და სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება.
კონსულტაციების ფარგლებში საუბარი ასევე შეეხო საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა რეგულარულად განახორციელონ ორმხრივი კონსულტაციები ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის.