საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ესპანეთშიც აღნიშნეს. მადრიდში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას ქვეყანაში აკრედიტებული უცხოელი დიპლომატები, ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პარლამენტის, სამეცნიერო წრეების, ასევე განათლების, კულტურისა და ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მიღებაზე მოეწყო ქართული კუთხე, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართულ კულტურასა და დაეგემოვნებინათ ქართული სამზარეულო.
„მადლობას ვუცხადებ ესპანეთის მთავრობას, კონგრესს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის. საქართველო ლიდერი ქვეყანაა, რომელიც რეგიონში მეზობელი ქვეყნებისთვის მაგალითი გახდა. საქართველომ ბოლო 20 წლის განმავლობაში მძიმე პერიოდი გაიარა და მადლობა ყველა მხარდამჭერ სახელმწიფოს", - მიმართა მოწვეულ სტუმრებს ესპანეთში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ ნათბილაძემ.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის გარდა, საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გამართა შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩომაც.