საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის მიერ პატიმრების არაადამიანურად მოპყრობაში მხილებული საჯარო მოხელის დასჯის საკითხს არ დააყენებს.
პარლამენტში სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვისას პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წევრი დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი დაინტერესდა, ვის ექვემდებარება სპეცრაზმი და ვის დავალებებს ასრულებს, რომელიც პატიმრების მიმართ განსაკუთრებული არაადამიანური მოპყრობით გამოირჩევა.
სახალხო დამცველის თქმით, ამ სპეცრაზმს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ჭაკუა ხელმძღვანელობს.
ცაგარეიშვილმა მისი დასჯა მოითხოვა, თუმცა იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებმა დაადასტურეს, რომ ჭაკუას არაფერი ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის ანგარიშში საუბარია სპეცრაზმზე, რომელიც რამდენჯერმე შევიდა საპატიმროებში, მოაწყო პატიმრებისთვის კორიდორი, გააშიშვლა ისინი, თავი გადაპარსა, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ა.შ..