აფხაზმა სეპარატისტებმა ტურისტული სეზონი გახსნილად გამოაცხადეს. ამასთან დაკავშირებით, აფხაზი ე.წ. მილიციონერები მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ამიერიდან ყოველ საღამოს აფხაზეთის საკურორტო ქალაქების ყველა სანაპიროზე ქვეითად მოსიარულე მილიციონერები ივლიან.
"ისინი ათვალიერებენ მიტოვებულ შენობებს და ტურისტებს ესაუბრებიან. გასული წლის საკურორტო სეზონებზე დამსვენებლები ხშირად მიმართავდნენ სამართალდამცავებს ძარცვის ბრალდებით. ტურისტებს მობილურ ტელეფონებს პარავდნენ და ავტომობილებს უძარცვავდნენ", _ წერს რუსული მედია და აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს აფხაზი ძალოვნების ამოცანა ამგვარი ფაქტების თავიდან აცილების უზრუნველყოფაა.
მათი ინფორმაციით, აფხაზეთში ჩასულ ტურისტებს დაურიგდებათ სპეციალური ბროშურა, სადაც მითითებული იქნება მილიციის განყოფილებებისა და ე.წ. შს სამინისტროს ნდობის ტელეფონი.