სახალხო დამცველი გიორგი ტუღუშს იმედი გამოთქვამს, რომ პარლამენტი მის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს.
როგორც ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სახალხო დამცველის აპარატი მთელი წლის განმავლობაში არ ელოდება მხოლოდ იმას, თუ რას გააკეთებს პარლამენტი მის რეკომენდაციებთან დაკავშირებით, თუმცა პარლამენტის უფრო აქტიური როლი მისასალმებელი იქნება.
"ინდივიდუალურად ვმუშაობ ყველა უწყებასთან, მაქვს გარკვეული მექანიზმებიც, ეს იქნება მედიასაშუალება თუ საჯარო გამოსვლები. რაც პარლამენტს უშუალოდ შეუძლია გააკეთოს, ეს არის ცვლილებების შეტანა საკანონმდებლო ნორმებში, რომელსაც სადავოდ ხდის სახალხო დამცველის ანგარიში", - აღნიშნა ტუღუშმა.
მისი შეფასებით, კონსტიტუცია პარლამენტს აძლევს საშუალებას, აღმასრულებელს მეტი მოსთხოვოს ამა თუ იმ კუთხით რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო.
მისი თქმით, არის ბევრი უწყება, სადაც მეტ-ნაკლებად ხდება სახალხო დამცველის რეკომენდაციების გაზიარება, თუმცა ზოგ უწყებაში ამ კუთხით პროგრესი არ შეინიშნება.