"თავისუფალი დემოკრატები" ხელისუფლებას თავშეკავებისა და გონიერების გამოჩენისკენ მოუწოდებს და ურჩევს, მომიტინგეების წინააღმდეგ ძალა არ გამოიყენოს.
"მოვუწოდებთ ხელისფლებას, საპროტესტო აქციის მინაწილეებს ბოლომდე მიეცეს პოზიციის მშვიდობიანად გამოხატვის შესაძლებლობა. ამასთანავე, აუცილებელია, საპროტესტო აქციაში მონაწილეებს მიეცეთ საშუალება უვნებლად, რეპრესიების გარეშე დაუბრუნდნენ ოჯახებს. ამ დღეების განმავლობაში, პოლიტიკური ნიშნით უსამართლოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლება, ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სამოქალაქო თანხმობის გაჩენას", - განაცხადა პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ნათელია, რომ პოლიტიკურ ცვლილებებს ხალხი დაპირისპირებით, ერთმანეთის გაუტანლობით ვერ მიაღწევს.
"პოლიტიკურმა ძალებმა მეტი ნდობა უნდა გამოუცხადონ ერთმანეთს და გადავდგათ გაბედული ნაბიჯები პოლიტიკური შეთანხმებების მისაღწევად. ეს არის ის, რასაც ყველაზე მეტად ელოდება თითოეული მოქალაქე. მივმართავ სახელისუფლებო პარტიას, გადაუდებლად განახლდეს პოლიტიკური დიალოგი საარჩევნო რეფორმების კონკრეტული შედეგით დასასრულებლად", - აღნიშნა ალასანიამ.
მისი თქმით, გასულმა დღეებმა, მიმდინარე საპროტესტო აქციებმა ყველას კარგად დაგვანახა, რომ საზოგადოებაში უსამართლობის განცდა დიდია.
"მნიშვნელობა არა აქვს, რამდენი ადამიანი დგას დღეს თბილისის ქუჩებში, დღეს ყველას ერთი სურვილი გვამოძრავებს, ხელისუფლება იყოს სამართლიანი, სახელწიფო იყოს წარმატებული, მოქალაქეები იყვნენ დაცული. დღეს მრავალ ქართველს მძიმე ტვირთად აწევს ყოველდღიური ბრძოლა ლუკმაპურის შოვნისთვის, გაზრდილი გადასახადების გადახდისთვის, სამუშაო ადგილების პოვნისთვის. თავისუფალ დემოკრატებს ძლიერი ქვეყნის მშენებლობა ყველა თაობის, ეროვნების, აღმსარებლობის და სოციალური წრის მოქალაქეების თანამონაწილეობით წარმოგვიდგენია. ჩვენ ერთად ვითხოვთ, ყველა მოქალაქეს მიეცეს სამართლიან გარემოში საკუთარი თავის რეალიზაციის შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების დაცვას, თითოეული ადამიანის შესაძლებლობის გამოყენებას ემსახუროს ყველა პოლიტიკური ძალა, ხელისუფლებაშია ის თუ ოპოზიციაში", - განმარტა მან.