დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე ხალხს "სოროებიდან გამოსვლისკენ" მოუწოდებს.
როგორც ბურჯანაძემ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ძალიან ბევრი ადამიანი რაღაცას იმიზეზებს და ხალხის გვერდით არ დგას.
"აქციების დაწყების შემდეგ რამდენიმე ადამიანი შემხვდა და მითხრა, რომ ჩვენ გვერდით არის, თუმცა ისინი მხოლოდ სიტყვებით არიან ჩვენ გვერდით და არა საქმით. გაცილებით დამნაშავენი ხელისუფლებაზე ისინი იქნებიან, ვინც გულგრილობას გამოიჩენს და სააკაშვილის შიშით სოროში დაიმალება. რაც არ უნდა მოხდეს, ბოლომდე ვიბრძოლებთ, რადგან საქართველოს ბედი წყდება. ან ვიცხოვრებთ ბედნიერ და დემოკრატიულ საქართველოში, ან ჩაბნელებულ ქვეყანაში. მოვუწოდებ ყველა ქართველს, რომ ხვალინდელი დღე არის განმსაზღვრელი ჩვენი მომავლის, ამიტომ გამოვიდნენ იბრძოლონ ჩვენთან ერთად", - განაცხადა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, ის ხალხი უფრო პატივსაცემია, ვინც სააკაშვილს მართლა სცემს პატივს, ვიდრე ის, ვინც სოროებშია შემძვრალი და ამბობს, რომ სააკაშვილი არ უნდა, მაგრამ მის გადასაყენებლად კონკრეტულს არაფერს აკეთებს.