საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, თბილისში შეუფერხებლად მიმდინარე აქციები იმის დასტურია, რომ საქართველოში მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები, სიტყვის თავისუფლება, ადამიანის უფლებების დაცვა, დემოკრატია და კანონის უზენაესობა უზრუნველყოფილია.
„უკვე მერამდენედ, რუსეთის ოფიციოზი „ზრუნვას" იჩენს საქართველოს მოსახლეობის მიმართ, რომელსაც ის, 2008 წელს, უმოწყალოდ ბომბავდა და რომლის წინააღმდეგაც გეგმავს და ახორციელებს ტერორისტულ აქტებს. აუცილებლად მიგვაჩნია განვაცხადოთ, რომ საქართველოში უზრუნველყოფილია მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები, სიტყვის თავისუფლება, ადამიანის უფლებების დაცვა, დემოკრატია და კანონის უზენაესობა, თბილისში შეუფერხებლად მიმდინარე აქციები სწორედ ამის დასტურია", - განაცხადა საგარეო უწყების პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ვეკუამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის კონსტანტინე დოლგოვის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას.
ამასთან, ვეკუას შეფასებით, სასაცილოა, როდესაც ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ განცხადებებს აკეთებს იმ სახელმწიფოს წარმომადგენელი, სადაც ადამიანის უფლებები მუდმივად ირღვევა.
„ამ ქვეყანაში ადამიანების მიმართ სასტიკმა დამოკიდებულებამ შეუძლებელი გახადა მოსახლეობის მხრიდან პროტესტის რაიმე ფორმით გამოხატვა. ეს სწორედ ის ქვეყანაა, სადაც ჟურნალისტებს, ადამიანის უფლებების დამცველებს და ადვოკატებს ქალაქების ქუჩებსა და ციხეებში კლავენ. ადამიანის უფლებებზე საუბრობს იმ სახელმწიფოს წარმომადგენელი, რომელმაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არაერთგზის მოაწყო ეთნიკური წმენდა და სწორედ ეთნიკური ნიშნის მიხედვით განდევნა ადამიანები, როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ისე რუსეთიდანაც. საბედნიეროდ, მსოფლიოში არც თუ ისე ბევრი სახელმწიფო დარჩა, რომელსაც არა აქვს მორალური უფლება ისაუბროს ადამიანის უფლებებზე და სიტყვის თავისუფლებაზე. მათ რიცხვს განეკუთვნება რუსეთის ფედერაცია", - განმარტა ვეკუამ.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებული ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიისა და კანონიე უზენაესობის საკითხებში კონსტანტინე დოლგოვი მიიჩნევს, რომ „თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეწყვეტს ძალისმიერი მეთოდების გამოყენებას, ეს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კიდევ უფრო მეტ დაძაბულობას, ქვეყანაში კი სიტუაციის დესტაბილიზაციას გამოიწვევს.
"დემონსტრაციების დაშლა თბილისსა და ბათუმში - ეს აშკარა დარღვევაა ადამიანების ძირითადი თავისუფლებებისა", - აცხადებს დოლგოვი.