„ქრისტიან-დემოკრატები" სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებით პარლამენტისგან „ადეკვატურ რეაგირებას" მოითხოვს.
ფრაქციის წევრების განმარტებით, სახალხო დამცველის ანგარიში პარლამენტმა არა მხოლოდ ცნობად უნდა მიიღოს, არამედ მას საპარლამენტო დადგენილებაც უნდა მოჰყვეს, რომელიც ქვეყნის შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს მასში დაფიქსირებული ფაქტების გამოკვლევას დაავალებს.
ამასთან, „ქრისტიან-დემოკრატები" მოითხოვენ მთავარმა პროკურატურამ პარლამენტს 2011 წლის 1 ინვლისამდე სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენებაში მითითებული დანაშაულებრივი ფაქტების შემოწმების შედეგად გატარებული ღონისძიებების თაობაზე დეტალური ინფორმაცია წარუდგინოს.
„უფლებამოსილმა სახელმწიფო ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ სათანადო გამოძიება კოლექტიური ცენტრებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა არანებაყოფლობითი გამოსახლების ფაქტებზე, ასევე უზრუნველყოს კოლექტიურ ცენტრთა პრივატიზაციის სათანადოდ რეგულირება და გაატარონ ყველა აუცილებელი ზომა მომავალში იძულებით გადაადგილებულ პირთა არანებაყოფლობითი გამოსახლების შემთხვევების არდასაშვებად. გარდა ამისა, უფლებამოსილმა სახელმწიფო ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მხრიდან, წამებისა და სხვა სასტიკი მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებული საჩივრების სწრაფი და მოუკერძოებელი გამოძიება და დაუყონებლივ მიიღონ ზომები თავისუფლებააღკვეთილი პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დასაცავად. კერძოდ, გააუმჯობესონ დაკავების ადგილებში ჰიგიენური კვებისა და საერთო პირობები, სათანადო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინონ თავისუფალ აღკვეთილ პირებს", - აცხადებენ „ქრისტიან-დემოკრატები".
გარდა ამისა, მათივე თქმით, ვინაიდან სახალხო დამცველის ანგარიში ავლენს ბავშვთა უფლებების დარღვევის შემაშფოთებელ ფაქტებსაც, შესაბამისად, საქართველოს მთავრობას "სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს" ხელმძღვანელობის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება უნდა დაევალოს.
„უნდა მოხდეს ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების მონიტორინგისა და კონტროლის ეფექტიანი და ქმედითი მექანიზმების დანერგვა და მშობლების მზრუნველობამოკლებულ მოზარდებზე ზრუნვის თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული რეფორმის გატარება. ასევე, დაევალოს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, განახორციელოს ეფექტიანი და ქმედითი კონტროლი სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენებაში მითითებული კანონსაწინააღმდეგო ფაქტების უფლებამოსილი ორგანოების მიერ გამოძიებისა და რეკომენდაციების შესრულებისკენ მიმართული ღონისძიებების გატარებაზე", - ითხოვენ „ქრისტიან-დემოკრატები".